გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP)
გაერო-ს განვითარების პროგრამა არის გაერო-ს საერთაშორისო ქსელი, რომელიც განვითარების მიზნებს ემსახურება. მსოფლიოს 166 ქვეყანაში გაერო-ს განვითარების პროგრამის საქმიანობამ მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო ბიზნესის ნდობა დაიმსახურა.
გაერო-ს განვითარების პროგრამა საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს. სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში გაერო-ს განვითარების პროგრამა ოთხ ძირითად სფეროში ეხმარება საქართველოს:
- დემოკრატიული მმართველობა,
- ეკონომიკური განვითარება,
- ენერგეტიკა და გარემოს დაცვა,
- კრიზისების პრევენცია და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაცია.
ადამიანის უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობა, აივ/შიდსის პრევენცია და ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევა ყველა პროგრამის აუცილებელ შემადგენელს წარმოადგენს.
პრიორიტეტული სფეროები:
დემოკრატიული მმართველობა
გაერო-ს განვითარების პროგრამა საქართველოში ხელს უწყობს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო რეფორმების განხორციელებას. იგი, აგრეთვე, საქართველოს მთავრობას ეხმარება მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციასა და მისი საკვანძო ინსტიტუტების საქმიანობის გაუმჯობესებაში.
ეკონომიკური განვითარება
გაერო-ს განვითარების პროგრამა საქართველოს მთავრობას ეხმარება სიღარიბის დაძლევის ეფექტური მექანიზმების შემუშავებაში. გაერო-ს განვითარების პროგრამა, აგრეთვე, მხარს უჭერს ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივებსაც, თუ მათი მიზანია ბიზნესის განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და მეზობელ ქვეყნებთან - სომხეთთან და აზერბაიჯანთან ვაჭრობის ხელშეწყობა. გაერო-ს განვითარების პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კერძო სექტორთან თანამშრომლობას და ეროვნული განვითარების პროცესში ბიზნესის მონაწილეობის ახალ გზებს ეძებს.
გარემოს დაცვა და ენერგეტიკა
გაერო-ს განვითარების პროგრამა საქართველოს მთავრობას ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებისა და ვალდებულებების დაცვაში ეხმარება. გარდა ამისა, იგი მხარს უჭერს ადგილობრივი განახლებადი ენერგორესურსების გამოყენებასა და წყლის რესურსების საკითხებში რეგიონალურ თანამშრომლობას.
კრიზისების პრევენცია და კრიზისების შემდგომი რეაბილიტაცია
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში და აფხაზეთში (საქართველო) გაერო-ს განვითარების პროგრამა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაზე ზრუნავს. იგი, აგრეთვე, ხელს უწყობს სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესებას იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ. გარდა ამისა, გაერო-ს განვითარების პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული მექანიზმების გაძლიერებაში.









