სამოქალაქო რეესტრი - მოქალაქეობა

განცხადების წარდგენა

საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წერილობითი განცხადებები და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტები დაინტერესებულ პირებს შეაქვთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში (შემდეგში – სააგენტო)ან სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდეგში – ტერიტორიული სამსახური).

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პირებს წერილობითი განცხადებები და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტები შეაქვთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში, ან პირდაპირ უგზავნიან საქართველოს პრეზიდენტს.

განცხადებები და თანდართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება სათანადო წესით დამოწმებული ფორმით, ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებებს დაინტერესებული პირები წარადგენენ პირადად, მინდობილობის მქონე პირის ან ფოსტის მეშვეობით. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, 14-დან 18 წლამდე პირის მიერ განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს სანოტარო წესით დამოწმებული კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა. 14 წლამდე ასაკის პირთა მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადების წარდგენის საფუძველზე.

საქართველოს მოქალაქეობის დადგენა

ა) პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში არანაკლებ ხუთი წლისა ამ კანონის სამოქმედოდ შემოღების დღისათვის (1993 წლის 25 მარტი), თუ ექვსი თვის ვადაში წერილობით არ განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე.

ბ) საქართველოში დაბადებული პირი, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია და ამდენად ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის “ა” პუნქტის მოთხოვნებს, თუ მას არა აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

“ა” პუნქტით მოქალაქეობის დადგენისთვის წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

1. საქართველოში არანაკლებ ხუთი წლით მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, ანდა იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);

2. კანონის სამოქმედოდ შემოღების მომენტისათვის საქართველოში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, ანდა იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);

3. ფოტოსურათი, ზომით – 3 X 4. 

“ბ” პუნქტით მოქალაქეობის დადგენისთვის წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

1. საქართველოში დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები) ასლი;

2. 1991 წლის 21 დეკემბრამდე საქართველოში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების (პასპორტი, სამხედრო ბილეთი, შრომის წიგნაკი, ანდა იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი) ასლები;

3. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ცნობა ამ ქვეყნის მოქალაქეობის არქონის შესახებ. ეს მოთხოვნა სავალდებულო არ არის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ანალოგიურ ცნობებს არ გასცემენ. ასეთ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უნდა განემარტოს, რომ მის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, იგი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

4. დ) ფოტოსურათი, ზომით – 3 X 4.

საფასურები: მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების შეტანიდან დასკვნის:  

მე-15 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება; 

მე-5 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 30 ლარია;  

მე-3 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 50 ლარია;   

იმავე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 75 ლარია.“.

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა

საქართველოს მოქალაქეობის აღსადგენად წარსადგენი დოკუმენტები:

1. დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ იგი კანონის შესაბამისად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. განცხადების შეტანის პერიოდისათვის საქართველოში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი 3. 2 ცალი ფოტოსურათი ზომით 3/4

საფასურები: საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხის განხილვისა და განცხადების შეტანიდან:30-ე დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 100 ლარია;მე-20 დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 150 ლარია.

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მსურველმა პირმა  მოქალაქეობის  საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას უნდა ჩააბაროს გამოცდა სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს კანონმდებლობის ცოდნის შესამოწმებლად. საქართველოს აღდგენის საკითხის განხილვისათვის კანონით დადგენილია 3 თვიანი ვადა.

საქართველოს მოქალაქეობის მიღება

საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები:

ა) პირადი განცხადება საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე (განმცხადებელი ვალდებულია თან იქონიოს და მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი);

ბ) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);

გ) ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის) ასლი;

დ) საქართველოში სამუშაო ადგილის ან უძრავი ქონების, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის, ანდა საქართველოს საწარმოში წილის ან აქციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;ე) 2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4.

ვ) შესაბამისი მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის (საქართველოს მოქალაქედ მიღების განსაკუთრებული პირობები) შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველმა პირმა სააგენტოში, ტერიტორიულ სამსახურში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს:

ა) პირადი განცხადება საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე (განმცხადებელი ვალდებულია თან იქონიოს და მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი);

ბ) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);

გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4;

დ) კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნათა დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, სამეცნიერო ხარისხის, სამხედრო წოდების, კვალიფიკაციის, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობის, ინვესტორის, ჯილდოს, პრემიის, საავტორო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, პოლიტიკური პარტიის, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იურიდიული პირების ხელმძღვანელთა შუამდგომლობა ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი).

ვ) შესაბამისი მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის (საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული პირის მიღება საქართველოს მოქალაქედ) შესაბამისად საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულმა მოქალაქეობის მიღების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადი განცხადება საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე (განმცხადებელი ვალდებულია თან იქონიოს და მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი);

ბ) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);

გ) საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქორწინების მოწმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ) ასლი;

დ) მეუღლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) საქართველოს ტერიტორიაზე მეუღლესთან ერთად ბოლო 2 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ტერიტორიული სამსახურიდან);

ვ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4.

საფასურები: საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხზე განცხადების შეტანიდან:

ა) 90-ე დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 100 ლარია;

ბ) მე-60 დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 200 ლარია.

საქართველოს მოქალაქეობის მსურველმა პირმა  მოქალაქეობის  საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას უნდა ჩააბაროს გამოცდა სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს კანონმდებლობის ცოდნის შესამოწმებლად. საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხის განხილვისათვის კანონით დადგენილია  3 თვიანი  ვადა.

 საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლებია:

1. სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება;

2. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით;

3. საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქისათვის ორი წლის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით საკონსულო აღრიცხვაზე არდადგომა; საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შესვლა სხვა სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის, მმართველობის ან სახელმწიფო ხელიფუსლების სხვა ორგანოებში;

საქართველოს  მოქალაქეობის დაკარგვის საკითხის განხილვისათვის კანონით დადგენილია სამთვიანი ვადა.

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხთა განსახილველად საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველმა პირმა სააგენტოში, ტერიტორიულ სამსახურში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს შემდეგ დოკუმენტები:

ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ყოფილი სსრკ-ის სიმბოლიკიანი პასპორტი, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი;

ბ) ცნობა იმის თაობაზე, რომ იგი დადგენილი წესით არ არის გაწვეული სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად;

გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4;

დ) გვარის გამოცვლის შემთხვევაში – გვარის გამოცვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.

საფასურები: საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხზე განცხადების შეტანიდან:

30-ე დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 100 ლარია;

მე-20 დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 200 ლარია;

მე-10 დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 300 ლარია.

მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვისათვის კანონით დადგენილია სამთვიანი  ვადა.

უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება იმავდროულად მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. პირი, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების განცხადებით (იხილე განცხადების ფორმა) მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს პირადად ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);

ბ) პასპორტის ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;

გ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ;

დ) 2 (ორი) ფოტოსურათი;

ე) კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის უფლება არ აქვს ადმინისტრაციული ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელიც მონაწილეობს ან/და უშუალო შეხება აქვს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან. (14.09.2009 N 608)

 4. სააგენტო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საქართველოს საკონსულო დაწესებულება უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც ასაბუთებენ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირის მიერ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულ ცალკეულ გარემოებებს. (30.01.2009 N 32)

    

არასრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის  მინიჭების შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა და დაბადების მოწმობა(შესაბასმისი წესით დამოწმებული)

 

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების online განცხადების შესავსებად დააჭირეთ აქ.


 
სამოქალაქო აქტია, რეგისტრაცია – ფაქტია!